მცენარეთა ზემოქმედება I ნაწილი
მცენარეთა დადებითი ენერგეტიკული ზემოქმედება
ცნობილია, რომ ყვავილები დადებით ზემოქმედებას ახდენენ ადამიანის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ენერგეტიკულ მდგომარეობაზე. ბევრი ადამიანი სათანადოდ ვერ აფასებს ყვავილების მნიშვნელობას, რადგან მათ აღიქვამს როგორც ბაღის, სახლის ან ოთახის მოსართავს და არც კი წარმოუდგენია, რომ ამ ლამაზ მცენარეებს შეუძლიათ ჰარმონიის მთელი სამყარო შექმნან ადამიანის გარშემო, დაიცვან იგი უსიამოვნებებისგან და განწმინდონ მისი სამყოფელი.
ყვავილის ძირითადი ორგანო, რომლითაც ის ზემოქმედებს სივრცეზე, ფოთლებია, ისინი გამწმენდ როლს ასრულებენ. მცენარის სხვა ნაწილები გარემოს და ადამიანის ენერგეტიკას აყალიბებენ, აძლიერებენ ან ასუსტებენ გარკვეულ ენერგიებს, გარდაქმნიან ან წონასწორობაში მოჰყავთ ენერგიები და ვიბრაციები.
თქვენი საცხოვრებელი გარემოსათვის ყვავილები გააზრებულად უნდა შეარჩიოთ, იმისდა მიხედვით, თუ რა სახის გამწმენდი ან დამცავი თვისებების მქონე მცენარე გჭირდებათ კონკრეტულ მომენტში. მით უფრო, რომ მცენარეები თავისი თვისებებით, ძირითადად, უნივერსალურნი არიან - მათში ნათლად ვლინდება ესა თუ ის ნიუანსი, მაგრამ არსებითად ისინი მრავალ ფუნქციას ასრულებენ. თქვენ შეგიძლიათ ყვავილები ოჯახის წევრების ზოდიაქოს ნიშნის მიხედვითაც შეარჩიოთ.
გახსოვდეთ! მცენარეებს უნდა მოვუფრთხილდეთ და ჩვენი სიყვარული ვაჩუქოთ, მხოლოდ ამ შემთხვევაში გახდებიან ისინი ჩვენი საიმედო დამცველები ცხოვრებისეული უსიამოვნებებისგან.
აზალია (Azalea) აძლიერებს მხნეობის ენერგეტიკას, გვეხმარება კონცეტრაცია მოვახდინოთ მთავარზე და არ მივაქციოთ ყურადღება წვრილმანებს. აზალია გვიცავს ჭორებისგან, სიცრუისგან და ფაციფუცისგან, ნევროზისა და თავდაუჯერებლობისგან.
ასპარაგუსი ფრთისებრ-ფოთლოვანი (Asparagus plumosus) წმენდს ატმოსფეროს იმ ადამიანთა უარყოფითი ენერგიისაგან, რომლებიც ავსებენ გარემოს ფაციფუცით, ზედმეტი აჩქარებითა და უთავბოლო სირბილით, რაც სხვებს ხელს უშლის კონცენტრაცია მოახდინონ მთავარზე.
ასპარაგუსი ხშირყვავილოვანი (Asparagus densiflorus), აგრეთვე სურო (Hedera helix) გვეხმარებიან იმ „შავი ხვრელების“ ამოვსებაში, რომლებსაც საკუთარი სახლის ენერგეტიკულ სივრცეში ქმნიან სუსტი ხასიათის მქონე ადამიანები, ხელი შეუშალონ ენერგიის ფუჭ ხარჯვას: „შავი ხვრელებიდან“ ხომ გაედინება ენერგია, რომელიც განკუთვნილია რაღაც საქმის შესასრულებლად. ეს მცენარეები, ისევე როგორც ყოჩივარდა (Cyclamen), იცავენ ადამიანს იმედგაცრუებისგან, აუმჯობესებენ მის გუნება-განწყობილებას და ანიჭებენ მას საკუთარი ძალების რწმენას.
ალოე (Aloe) სასურველია მოთავსდეს იქ, სადაც ადამიანები ხშირად ავადმყოფობენ, რაც სახლის ბიოველის შესუსტებაზე მეტყველებს. ალოე იცავს ბინას ავადმყოფობის მატარებელი ენერგიისა და ვიბრაციების შეღწევისაგან, წმენდს და აძლიერებს სივრცის ენერგეტიკას.
ბაღის ინა (Impatiens) თავის ირგვლივ ქმნის ბედნიერებისა და ჰარმონიულობის მძლავრ ვიბრაციულ ნაკადს, არბილებს კომფლიქტური სიტუაციების შედეგებს. ბაღის ინა შენობებს მზის ენერგიით მუხტავს, იზიდავს შემოქმედებით ენერგიას. მის მიერ შექმნილი კეთილგანწყობის ატმოსფერო ხელს უწყობს ადამიანებში საუკეთესო თვისებების გამოვლენას.
სამეფო ბეგონია (Begonia rex) არის ერთ-ერთი უძლიერესი დამცავი მცენარე, რომელიც შეეფერება გულღია, სტუმართმოყვარე ადამიანებს. სამეფო ბეგონია არა მხოლოდ გარდაქმნის უარყოფით ვიბრაციებს დადებითად, არამედ აწესრიგებს კიდევაც მათ იმით, რომ სახლის ატმოსფერო წონასწორობაში და ჰარმონიაში მოჰყავს.
ბეგონია მარადმოყვავილე (Begonia semperflorens) ახლობლებს შორის ჩხუბის დროს გაჩენილი უარყოფითი ენერგიის ნეიტრალიზაციას ახდენს, არბილებს კონფლიქტებსა და წინააღმდეგობებს, ნერვიულობას და დაძაბულობას (გამოხატულს არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ადამიანში ქვეცნობიერად არსებულსაც), იცავს სახლს გარე ვიბრაციების შემოჭრისაგან.
ნემსიწვერა ანუ გერანი (Geranium) წარმოადგენს უარყოფითი ენერგიებისა და აგრესიული თავდასხმების, რისხვისა და გაღიზიანების ემოციების „ცეცხლმაქრს“. რისხვის ვიბრაციები ერთ-ერთი ყველაზე საშიში და სასიკეთო ატმოსფეროს დამანგრეველია. რაც უფრო ხანგრძლივად რჩება აგრესიული ემოცია გარემოში, მით უფრო აქტიურია მისი გავლენა ადამიანებზე. გერანი არბილებს რისხვის ენერგიას; მისი დამცავი თვისებები ძირითადად სახლის პატრონებზე ვრცელდება.
კალა (Calla) შესაძლოა ბედნიერების თილისმად იქცეს ისეთი ოჯახისათვის, სადაც არ არის ერთსულოვნება და თანამოაზრეობა, სადაც ცოლ-ქმარს საერთო ენა ვერ გამოუნახავთ. კალას არა მხოლოდ ურთიერთსაწინაარმდეგო ენერგიების შეჯერება შეუძლია, არამედ ბედნიერების ერთიან ნაკადად მათი გარდაქმნაც. კალას ენერგეტიკა წინ აღუდგება პესიმიზმის, უიმედობის, მოწყენილობის, სევდის, უგუნებობისა და დეპრესიის ვიბრაციებს. კალა ამაღლებს ადამიანის იმუნიტეტს ემოციური გამოფიტვისა და სტრესების წინააღმდეგ, ავსებს სახლის ატმოსფეროს სიხარულისა და ხალისის ენერგიით.
კაქტუსების (Cactaceae) მრავალი სახე არსებობს, მაგრამ ისინი თითქმის ერთნაირად მოქმედებენ: იზიდავენ და იწოვენ ადამიანისათვის მავნე ენერგიებს, გარდაქმნიან სიძულვილის, სიბრაზის და გაღიზიანების ვიბრაციებს, ასრულებენ ერთგვარი „მეხამრიდის“ როლს.
ბლოსფელდის კალანხოე (Kalanchoe blossfeldiana) იცავს სახლს აგრესიულობისაგან, წინააღმდეგობას უწევს გაღიზიანებული ადამიანების გარე უარყოფით ვიბრაციებს (მაგალითად, მოჩხუბარი მეზობლებისას, რომლებიც მუდმივად რაღაცით არიან უკმაყოფილონი და იმუქრებიან ან იწყევლებიან). ბლოსფელდის კალანხოე სახლში შემოღწევის საშუალებას არ აძლევს უარყოფით ვიბრაციებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ქრონიკული დაავადებები, და სახლს წმენდს სიბილწისგან.