View Greengarden.ge in a larger map
თქვენი კალათა
კალათა ცარიელია
 
Image and video hosting by TinyPic

მცენარეული პესტიციდები

მცენარეული პესტიციდები

მცენარეებისაგან მიღებული პრეპარატები, როგორც წესი, კონტაქტური მოქმედებისაა (ანადგურებს მავნებლებს უშუალოდ მათზე მოხვედრისას). ეს პრეპარატები სინათლეზე სწრაფად კარგავენ ტოქსიკურობას, მათ არ ახასიათებთ ნარჩენი მოქმედება.

მცენარეულ პესტიციდებს ის უპირატესობაც აქვთ, რომ იაფია, მათი დამზადება საკმაოდ ადვილია და ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია მათი დამზადება და გამოყენება.

პრეპარატის დასამზადებლად მცენარეების შეგროვება ხდება მშრალ ამინდში

(დაავადებული ფოთლების და ღეროების გამოყენება არ შეიძლება). მცენარეებს აშრობენ ჩრდილში, გადახურულ ადგილას, თხელ ფენად დაწყობილს ან ჩამოკიდებულს. რაც უფრო სწრაფად გახმება მცენარე, მით უკეთესად შეინარჩუნებს ტოქსიკურობას.

ნაყენებითა და ნახარშებით მცენარეების დამუშავება ხდება არა უგვიანეს 15 დღისა მოსავლის აღებამდე (ჟოლოს და მარწყვის შესხურება შეიძლება მხოლოდ ყვავილობამდე და მოსავლის აღების შემდეგ).

______________________________________________________________________________

აბზინდას ნახარში

გამოიყენება ფოთოლმღრღნელი მავნებლების წინააღმდეგ საბრძოლველად.

მომზადების წესი: აბზინდის 1კგ კარგად გამხმარ მიწისზედა ნაწილებს 10-15 წუთის განმავლობაში ადუღებენ მცირე რაოდენობის წყალში (დაახლოებით 2 ლიტრში), შემდეგ აცივებენ, გამოწურავენ და ამატებენ 10 ლტ.  წყალს. ეფექტიანობის გაზრდის მიზნით უმატებენ ქათმის სკინტლს (1კგ. მშრალ სკინტლს მცირე რაოდენობის წყალში აყოვნებენ 1-2 დღის განმავლობაში) და სკინტლის ნაყენს ურევენ აბზინდის ნაყენში. ასეთი ნაყენის ორჯერადი შესხურება (7 დღის ინტერვალით) ანადგურებს თითქმის ყველა ფოთოლმღრღნელი მავნებლის მატლებს, რომლებიც შესხურებიდან 2-3 დღის შემდეგ  იხოცებიან.

ანწლის ნაყენი

გამოიყენება ბუგრების წინააღმდეგ საბრძოლველად.

მომზადების წესი: 10 ლტ. წყალში ყრიან ანწლის 250 გრ. მშრალ ან 500 გრ.  ნედლ დაქუცმაცებულ ფოთლებს, აყოვნებენ 24-48  საათის განმავლობაში, შემდეგ წურავენ და ასხურებენ. ნაყენი მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში შეგიძლიათ შეინახოთ მთელი სეზონი.

მცენარე უნდა შეგროვდეს ყვავილობისა და მსხმოიარობის პერიოდში.

კატაბარდას ნაყენი

გამოიყენება მწუწნავი მწერების წინააღმდეგ.

მომზადების წესი: 1 კგ. ნედლეულს უმატებენ 10 ლტ. წყალს და აჩერებენ 1–2 საათის განმავლობაში, შემდეგ გაწურავენ, გაფილტრავენ და გამოიყენებენ.

ნაყენი მზადდება მცენარის კოკრებისა და ყვავილებისაგან.

ბაბუაწვერას ნაყენი

გამოიყენება ბუგრებისა და ტილების წინააღმდეგ საბრძოლველად.

მომზადების წესი: 200-300 გრ. მშრალ ან 500 გრ. ნედლ, დაქუცმაცებულ ფესვებს 1-2 საათის განმავლობაში ათავსებენ 10 ლტ. თბილ (40-გრადუსიან) წყალში. გამოწურავენ და იყენებენ  10-15 დღის ინტერვალით. ნაყენი გამოიყენება დამზადებისთანავე.

ბაბუაწვერას ფესვებს აგროვებენ შემოდგომით, ჭკნობის პერიოდში. ამოთხრილ ფესვებს ასუფთავებენ, რეცხავენ და აშრობენ ჩრდილში, გამჭოლი ქარის პირობებში. ასეთი წესით გამომშრალი ფესვები 5 წელი ინახება.

ქრისტესისხლას ნაყენი

გამოიყენება ბუგრების, თრიფსების, კომბოსტოს თეთრულასა და სხვა მავნებლების წინააღმდეგ.

მომზადების წესი: 10 ლტ. წყალზე იღებენ 3-4 კგ. ნედლ ან 1 კგ. მშრალ დაქუცმაცებულ ნედლეულს, წყალში აჩერებენ 24-26 საათს. შემდეგ გამოწურავენ, გაფილტრავენ და ათავსებენ კარგად თავდახურულ ჭურჭელში.

ქრისტესისხლას ფხვნილს იყენებენ რწყილების, კომბოსტოს თეთრულას და სხვა მწერების წინააღმდეგ შესაფრქვევად.

 

ნედლეული გროვდება მიწისზედა ნაწილების სახით, ყვავილობის პერიოდში. მათ გამოსაშრობად განკუთვნილი შენობა კარგად უნდა ნიავდებოდეს. შენახვის ხანგძლივობა - 3 წელი.