ჩაის-ჰიბრიდული ვარდები
ჩაის-ჰიბრიდული ვარდების დარგვის ადგილი. ვარდისათვის ან ვარდების ჯგუფისათვისთავდაპირველად უნდა შეირჩეს ადგილი. ჩვეულებრივ, შეარჩევენ ადგილს, რომელიც კარგად ჩანს სახლიდან. ლამაზი მცენარე ისე უნდა დაირგოს, რომ შეიძლებოდეს სახლიდან მისით ტკბობა. გარდა ამისა, ვარდი უნდა დაირგოს მზიან ადგილას. იგი კარგად იზრდება დილის ან საღამოს მზით განათებისას. ადგილი უნდა ნიავდებოდეს, თუმცა სასურველი არ არის ვარდების დარგვა დაბლობზე, სადაც დიდხანს რჩება ცივი ჰაერი.
ნიადაგი ჩაის-ჰიბრიდული ვარდებისთვის.დასარგავად საუკეთესოა შავმიწა ნიადაგი,თუმცა ვარდები შეიძლება მოვაშენოთ თიხნარ ნიადაგზეც. მაგრამ ასეთი ნიადაგი აუცილებლად უნდა გამდიდრდეს ორგანული სასუქით. გრუნტის წყლების დონე არ უნდა იყოს 1 მეტრზე ნაკლები. მნიშვნელობა აქვს აგრეთვე ნიადაგის მჟავიანობას. ვარდს ურჩევნია ოდნავ მჟავე ნიადაგი, რომლის рН არის 6,0 -6,5.მჟავიანობის ასამაღლებლად შეიძლება შევიტანოთ ნაკელი ან ტორფი. ჭარბი მჟავიანობა კი დაიძლევა ნაცრის ან კირის შეტანით.
ჩაის-ჰიბრიდული ვარდების დარგვა. უპირველეს ყოვლისა უნდა ამოვთხაროთ დაახლოებით 60სმ სიღრმის ორმო. ძირში მოვათავსოთ სადრენაჟო მასალა. ეს შეიძლება იყოს კენჭები, მსხვილი ხრეში ან ღორღი. სადრენაჟო ფენის სისქე არ უნდა იყოს 10სმ-ზე ნაკლები. შემდეგ უნდა შევიტანოთ ბუნებრივი სასუქი. ნაკელი შეიძლება შევურიოთ მიწის ნოყიერ ფენას. ასეთ გამდიდრებულ ფენას გუმბათისმაგვარად უნდა დავაყაროთ ბაღის მიწა, ასევე არანაკლებ 10სმ სისქისა. დარგვამდე კეთდება თიხნარი ნიადაგისა და წყლის ნაზავი, რომელშიც ვარდის ფესვები ჩაიდება რამდენიმე წუთით. შემდეგ ფესვები გაიშლება და ვარდი მოთავსდება მომზადებულ ფოსოში. უმჯობესი იქნება, თუ ვარდს ორი ადამიანი დარგავს. ერთი მათგანი დაიჭერს ბუჩქს ისე, რომ მყნობის ადგილი იყოს მიწის ზედაპირიდან 3სმ სიღრმეზე; მეორე ფრთხილად მიაყრის მიწას მცენარის ფესვებს და ოდნავ დატკეპნის ფხვიერ ნიადაგს ბუჩქის გარშემო. ნიადაგის დატკეპნის შემდეგ ფესვის ყელი არ უნდა დარჩეს მიწის ზედაპირზე მაღლა. ასეთი დარგვისას ხელი შეეწყობა დამატებითი ღეროების ზრდას მყნობის ადგილის ზევით. დარგვის შემდეგ ბუჩქი ირწყვებაძირში. თუ შემდეგ მიწა ცოტა დაიწევს, იგი კიდევ უნდა მივაყაროთ.